კრემლში უპასუხეს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას, რომ უკრაინაში "ოპერაცია გაიწელა". პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
"ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის", - თქვა პესკოვმა მორიგ ჯერზე. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე საკვანძო ქალაქების დაკავება ვერ შეძლო.
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის არ ელოდა რომ რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში ამდენხანს გაიწელებოდა.
"საკმარისად არ ვარ გარკვეული ამ პრობლემაში, რომ ვთქვა, გეგმის მიხედვით მიდის, როგორც რუსები ამბობენ, თუ მე ვფიქრობ ამას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, მიმაჩნია, რომ ეს ოპერაცია გაიწელა", - თქვა ლუკაშენკომ.
გარდა ამისა, ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მისი წყალობით დაიწყო.